Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ელენე ახვლედიანის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია

 22/12/2016

2016 წლის 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში გიწვევთ მხატვრის საიუბილეო წიგნის პრეზენტაციაზე

2016  წელი  XX საუკუნის დიდი მხატვრის, ელენე ახვლედიანის საიუბილეო წელია. ამ  თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის - გიორგი ჯანბერიძის ავტორობით, ელენე ახვლედიანის საიუბილეო წიგნი გამოიცა, რომელშიც ერთადაა თავმოყრილი მხატვრის ფერწერა, გრაფიკა და სცენოგრაფია. სრულყოფილი გამოცემა წარმოადგენს გაგრძელებას გიორგი ჯანბერიძის საავტორო წიგნების სერიისა - „ქართული ხელოვნების დიდოსტატები" .

წიგნს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის ცნობილი ნამუშევრების გვერდით, ახვლედიანის „პარიზის პერიოდში" შექმნილი, ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი შესანიშნავი გრაფიკული ნამუშევრები -  შიშველი ნატურების სერია - 54 ჩანახატი. ეს ნამუშევრები პირველად ქვეყნდება და სასიამოვნო აღმოჩენა იქნება, არა მხოლოდ ხელოვნების მოყვარულთათვის, არამედ,  პროფესიონალებისთვისაც.

 

***

ელენე ახვლედიანი პარიზში 1924 წელს ჩავიდა; დადიოდა ქეთევან მაღალაშვილთან ერთად კოლაროსის თავისუფალ აკადემიაში, უპროფესორო კლასში, სადაც ახალგაზრდები მასწავლებლის გარეშე მუშაობდნენ.

კოლაროსის აკადემია  წარმოადგენდა სახელოსნოს, სადაც საკმაოდ მცირე გადასახადის საფასურად შეიძლებოდა ხატვისა და ფერწერის სწავლა. ეს სახელოსნო ნახატებისა და სწრაფი ჩანახატების სწავლებით იყო სახელგანთქმული. კოლაროსის აკადემიაში თავის დროზე მეცადინეობდნენ - პოლ გოგენი და მისი მეგობარი ემილ შეფენეკერი, რუსი მხატვრები - ვ.ა. სეროვი და ი.ე. გრაბარი. იმ დროს, როცა აკადემიის ერთ-ერთ აუდიტორიაში ახვლედიანი და მაღალაშვილი ხატავდნენ, გვერდით კლასში გაკვეთილებს ატარებდა ფერნან ლეჟე.  ასეთი ჩანახატების შედეგად, მხატვარი ეჩვეოდა ნატურის უმთავრესი თვისების სწრაფად შემჩნევას, მეორე ხარისხოვნის უგულებელყოფას, ფორმის განზოგადებულად გადმოცემას. 

პარიზში, 1924-1926 წლებში  შესრულებული ჩანახატები  დღეს  დაცულია ელენე ახვლედიანის  სახლ-მუზეუმში... თავის დროზე, ამ ისტორიული შენობის სივრცეში  იმართებოდა წარმოდგენები, იკრიბებოდნენ მხატვრები, მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, ფილოსოფოსები, ეწყობოდა გამოფენები,  კონცერტები, კითხულობდნენ ახალ ლექსებს, კამათობდნენ ხელოვნებაზე და არა მარტო ხელოვნებაზე... ეს იყო სივრცე, რომელსაც ჰქონდა ადამიანების გაერთიანების უნარი, რომელიც შობდა საუბარს, განაპირობებდა ინტერაქციას...

გიორგი ჯანბერიძის წიგნი ელენე ახვლედიანის სხვადასხვა „მეს" და ცნობილი ავტორების მასზე დაწერილი ტექსტების ფრაგმენტებს აერთიანებს; მრავალშრიანი წიგნი ზემოთ აღწერილ სახლს მოგვაგონებს, იგი თავისებური ინტერტექსტია, რომელიც ისეთივე განუმეორებელი და მრავალმხრივია, როგორც ელენე ახვლედიანის მთელი  შემოქმედება.

მისამართი: ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, ლეო ქიაჩელის ქ. 12