|   ENG

 
 
დმანისი პირველი ევროპელების სამშობლო06.07.2010.

დმანისის საველე-არქეოლოგიური მუზეუმი პირველია საქართველოში, რომელიც უშუალოდ გათხრების ტერიტორიაზეა მოწყობილი. მისი არქიტექტურა ითვალისწინებს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ფენების დაცვას, მეცნიერთათვის თანამედროვე სამუშაო პირობების შექმნასა და ფართო საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას. საველე მუზეუმი შესაძლებელს ხდის წარმოებდეს არქეოლოგიური სამუშაოები და ამავე დროს ხდებოდეს დამთვალიერებელთა მიღება. სამუზეუმო და საგანმანათლებლო კონცეფცია სრულად და კომპლექსურად ასახავს დმანისის არქეოლოგიური ძეგლის უნიკალურობას. მუზეუმი გამართულია არქეოლოგიური გათხრების უბანზე, სადაც ერთდროულად სამივე ეპოქის: ქვის, ბრინჯაოს ხანისა და შუა საუკუნეების კულტურული ფენები თვალსაჩინოა და ერთიმეორესთან მონაცვლეობს.

       

შუა საუკუნეები

დმანისი, როგორც შუა საუკუნეების ქალაქი, IX-X სს-ში ჩამოყალიბდა. მოგვიანებით ის საქართველოს სამეფო ციხე-ქალაქი და ქვეყნის სამხრეთი საზღვრის თავდაცვითი სისტემის სტრატეგიული ცენტრი გახდა. XII-XIII სს-ში დმანისში განვითარდა ვაჭრობა; ხელოსნობის დარგები: კერამიკის, მინისა და ძვლის ნაკეთობათა წარმოება; მეტალურგია; 1245 წელს მოიჭრა სპილენძის ფული. ნაქალაქარად ქცეულ დმანისში კარგად იკითხება შუა საუკუნეების ქალაქის სურათი, ოდესღაც ძლიერი ქალაქის სტრუქტურული ნაწილები: 1. ქალაქის თავდაცვითი სისტემა _ შიდაციხე, გალავანი და კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი; 2. შიდაუბნები (რელიგიურ-ეთნიკური, საწარმოო ტერიტორიები); 3. გარეუბნები; 4. სამაროვანი; 5. საბაჟოები; 6. ეკონომიკური რაიონი ქალაქისპირა სოფლებით. XIV -ის ბოლოს ქალაქი დმანისი თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად განადგურდა, თუმცა, როგორც ციხე, XVIII -ის ბოლომდე განაგრძობდა არსებობას.

გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა

გვიანბრინჯაო_ადრერკინის ხანის ნამოსახლარი დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილია ფრაგმენტულად, დაზიანებულია შუა საუკუნეების ქალაქის მშენებლობის დროს. ნამოსახლარი წარმოდგენილია ნაგებობის მცირე ნაშთებითა და სამეურნეო ორმოებით. დმანისის ნაქალაქარზე აღმოჩენილი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარი არქეოლოგიური მასალის მიხედვით ძვ. . II ათასწლეულის ბოლო - I ათასწლეულის პირველი ნახევრით თარიღდება.

ქვის ხანა1.8 - 1.7 მლნ წელი

არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად მივიღეთ გასაოცარი მონაცემები აფრიკიდან ადამიანის პირველი მიგრაციის შესახებ. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის თარიღისა  და მიზეზების დასადგენად დმანისის აღმოჩენებმა კვლევის ახალი შესაძლებლობები შექმნეს.  დმანისელი ჰომინიდის წყალობით, წარმოდგენა გვექმნება პირველი მოგზაურების შესახებ, რომელთაც, სავარაუდოდ საფუძველი ჩაუყარეს სამხრეთ კავკასიიდან ადამიანის განსახლებას მთელ დედამიწაზე.დმანისის პალეოანთროპოლოგიური კოლექცია ყველაზე მდიდარი და სრულია მსოფლიოში. აქ აღმოჩენილი პრეისტორიული ადამიანის 5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა, 15 იზოლირებული კბილი და ჩონჩხის 35 ძვალი რამდენიმე ინდივიდს ეკუთვნის, რაც მეცნიერებს მთელი პოპულაციის შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას უქმნის. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდების ამდენი ნაშთი ერთ შრეში არ აღმოჩენილა. დმანისის ძეგლის კვლევების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია და სრულიად შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ.

დმანისის აღმოჩენები 2000 წელს მსოფლიოს სამ უდიდეს მეცნიერულ აღმოჩენათა შორის დასახელდა.

ამჟამად მიმდინარეობს ფართო მასშტაბის ინტერდისციპლინარული სამუშაოები ქართველი მეცნიერის, დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ ამერიკელი, ესპანელი, იტალიელი, შვეიცარიელი, ინგლისელი, ჰოლანდიელი და გერმანელი მეცნიერები.

კვლევა დმანისში გრძელდება.

სამუშაო საათები:ყოველ დღე, 11:00-17:00;  ორშაბათის გარდა

ბილეთის ფასი:

ზრდასრულები-3 ლარი; 

სტუდენტები-1 ლარი;

 სკოლის მოსწავლეები-0.50 ლარი ;

გიდის მომსახურების ღირებულება-10 ლარი ;



Events Calendar By TERMO
სექტემბერი 2010
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

[ << აგვისტო | ოქტომბერი >> ]