პროექტი ”ქართული სეზონი 2007-ის’’ ფარგლებში დაგეგმილია გამოფენების მოწყობა ევროპასა და ამერიკაში.ბერლინი იქნება პირველი ევროპული ქალაქი, რომელიც უმასპინძლებს მოძრავ გამოფენას - ,,მედეას ოქრო- ახალი აღმოჩენა საქართველოდან”.
2007 წლის 14 მარტიდან 3 ივნისამდე ალტეს მუზეუმში ვანის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ანტიკური ხანის კოლხეთის არაჩვეულებრივი საიუვილერო შედევრები გამოიფინება. მდიდრულ სამარხებში ნაპოვნი ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა საკულტო გამოსახულებიანი, სამაჯურები, ჰერალდიკურ გამოსახულებიანი ყელსაბამები, გულსაბნევები, ბეჭდები, სამოსელის აქსესუარები, ვერცხლის სამკაულები, ბრინჯაოსა და რკინის ქანდაკებები. ძვ წ.ა 5-3 საუკუნეებით დათარიღებული უნიკალური არქეოლოგიური ექსპოზიცია ადასტურებს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ძველი ცივილიზაციის განუყრელი ნაწილი იყო.
გამოფენის ორგანიზატორები არიან : საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი.