უძველესი ნიმუში, რომელიც IX საუკუნით თარიღდება, მარტვილის ღვთისმშობლის ხატს ამკობს. მედალიონზე გამოსახულია წმინდა პეტრე.
X-XII საუკუნეები ბიზანტიური ტიხრული მინანქრის ყველაზე მაღალი დონის განვითარების ხანა გახლდათ. ამ პერიოდის ბიზანტიური მინანქარი მუზეუმის კოლექციაში სრულად არის წარმოდგენილი. ნიმუშები გამოირჩევა შედარებით თავისუფალი შესრულების მანერით. X საუკუნის მახასიათებელი სტილისტიკაა - მრგვალი თვალები, სამოსელის ფართო ნაკეცები, ნეიტრალური მეწამური, ყავისფერის, ფირუზუსფერისა და ლურჯი ფერის სიჭარბე. კოლექცია მდიდარია X1 საუკუნის ბიზანტიური ნამუშევრებით, რომლის უმრავლესობა ხახულის ტრიპტიქონის შემდგომ შეიქმნა. ამ პერიოდში ტიხრული მინანქარი გამოირჩევა ჭარბი რაოდენობით გამოყენებული თხელი ტიხრებისგან შედგენილი სილუეტებით.
მუზეუმის კოლექციაში XII საუკუნის ბიზანტიური ტიხრული მინანქრის მცირეოდენი ნამუშევარია შემონახული, რომლებიც იმ ეპოქისათვის დამახასიათებელ სტილს ასახავენ.